აჭარის საზმაუს წამყვანის, კობა ფარტენაძის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით შსს-მ ორი ადამიანი დააკავა.
უწყების ცნობით, საქმე ეხება 9 აგვისტოს მომხდარს, შემთხვევას რომლის შესახებაც კობა ფარტენაძემ ვიდეო გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ როგორც ტელეწამყვანი ამბობს, მას ყოველ საღამოს ხვდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და ფიზიკურად ეხებიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.
10 აგვისტოს აჭარის საზმაუს წამყვანმა კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო,
რომელზეც ჩანს, რომ კაცი მას „გვერდით გაყოლას“ სთხოვს, ახსენებს მის შეღებილ თმას და იყენებს ჰომოფობიურ ტერმინს.
„წამოდი ერთი წამით, გეშინია? ხომ არ გეშინია? ბათუმელი კაცი ხარ. გვერდზე შევალთ, ტ**კში მიგჭრი და წამოვალთ“, – ეუბნება უცნობი პირი კობა ფარტენაძეს.
როგორც ფარტენაძე წერს, მას ყოველ საღამოს ხვდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, ემუქრებიან და ფიზიკურად ეხებიან. ის მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს ბოლო დღეებში მასზე თავდასხმის ყველა ფაქტს.
„
რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?
მე არ ვითხოვ განსაკუთრებულ მოპყრობას. არ ვითხოვ კანონის მიღმა დგომას. ვითხოვ მხოლოდ იმას, რასაც ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს უსაფრთხოებას, კანონის დაცვას და სამართლიანობას.
მივმართავ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს: გთხოვთ, დროულად შეისწავლოთ და სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს ბოლო დღეებში ჩემზე თავდასხმის ყველა ფაქტს“, – დაწერა მან.