კობახიძე 3 ქვეყანაზე: რეალურად იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუმინეთი, იტალია და ესპანეთი წნეხის ქვეშ მოექცნენ.

შეკითხვაზე, მოიტყუეს თუ არა ამ ქვეყნებმა გუშინ გავრცელებულ განცხადებებში, კობახიძე პასუხობს, რომ „ასე თქმა არ უნდა“, თუმცა ამ ქვეყნებს მოუწიათ პოზიციის უკან წაღება.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაბლოკვაში სლოვაკეთისა და უნგრეთის გარდა, სხვა ქვეყნების, მათ შორის, ლუქსემბურგისა და რუმინეთის მონაწილეობის ინფორმაცია კაია კალასმა და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა გაავრცელეს, საჯარო წყაროები იუწყებოდნენ ესპანეთისა და იტალიის შესახებ. მისივე თქმით, ამ ინფორმაციას დაემთხვა მათი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაც.

„გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ნახეთ, ამასაც მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს საბჭოს სხდომაზე“, – თქვა კობახიძემ.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ვინ იყო „ოცნების“ სხვა სანდო წყარო, კობახიძემ თქვა:

„ჩვენ გვქონდა სანდო და საიმედო ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე გავაკეთეთ ეს განცხადება. ჩვენ გვქონდა ჩვენი წყაროებიდან ინფორმაცია. გვაქვს უფლება, ეს წყაროები არ დავაკონკრეტოთ“, – თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მას ტყუილი არ უთქვამს და რუმინეთზე, იტალიასა და ესპანეთზე წნეხი განხორციელდა.

„ნუ დამიჯერებთ, კაცო, მე გეუბნებით, რაც იყო ფაქტი… არ მინდა ვთქვა, რომ [იტყუებიან], მაგრამ რეალურად იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც საბჭოზე დააფიქსირეს. თქვენ შეგიძლიათ, ამას დაარქვათ ტყუილი, მე არ მინდა, ტყუილი დავარქვა. ეს მათი არჩევანია, მათ შეუძლიათ, ასე გააკეთონ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ დააფიქსირეს სანქციების საწინააღმდეგო პოზიცია, კიდევ ერთხელ მადლობა მათ. მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა, ესაა მათი გადაწყვეტილება. მე ამას ტყუილს ვერ დავარქმევ“, – განაცხადა კობახიძემ.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე დაწერა, რომ საქართველოსთვის სანქციებს „უნგრეთი და სხვა ქვეყნები შეუშლიან ხელს“. შეკითხვაზე, ვის გულისხმობს სხვა ქვეყნებში, მან უპასუხა სლოვაკეთი და რუმინეთი, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ საბოლოო ინფორმაციაში იოზვიაკი წერდა, რომ სანქციები სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს.

რაც შეეხება უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს, მინისტრთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესბრიფინგზე არ განუცხადებია, რომ სანქციები უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, ლუქსემბურგმა და სხვა ქვეყნებმაც დაბლოკეს.

მან თქვა: „ბევრმა აღნიშნა, მოდით, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და მზად ვართ დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად. თუმცა, როგორც იცით, სანქციებისთვის საჭიროა 27 წევრის თანხმობა, რაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს“.


„ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ხუთ ქვეყანას, რომლებმაც, მისი თქმით, ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე – ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი.

საუბარია 16 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც მინისტრები შეთანხმდნენ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე.

17 დეკემბრის საღამოს რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა კობახიძის განცხადება უარყვეს.