კობახიძე: აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინასთან საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად „შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა“, რომელიც უკრაინამ გადადგა, საქართველო ცალმხრივ მეგობრობას გააგრძელებს ორი მიზეზით:

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები – ჩვენ მზად ვართ, ყველა შემთხვევაში დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ერთი მარტივი მიზეზის გამო: ერთი ის არის, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას ქვეყნებს და ხალხს შორის და მეორე – უკრაინა არის ომის მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომ უნდა დავრჩეთ ცალმხრივ მეგობრობაში თუნდაც უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ნებისმიერი კონსულტაცია გამორიცხულია.

„სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციები ვერ გაიმართება. აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით“, – ამბობს ის.

3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას გამოეხმაურა, 4 ივლისს კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩ ზაქარაშვილს შესთავაზეს დაბრუნდეს თბილისში, კონსულტაციების გასამართად და არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად.

„უკრაინულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, გადაუდებლად დაიწყოს განხილვა სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის საკითხის, მისი მკურნალობისა და შემდგომი მოვლის მიზნით”, – წერია განცხადებაში.