კობახიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე: თუ საჭირო იქნება, მთავრობაც ჩაერთვება

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება და რამე ფორმით თუ საჭირო იქნება მთავრობის ჩართულობა, შეიძლება, მათაც მიიღონ ამაში მონაწილეობა.

„მე მესმის, საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება. არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ნუ ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები.

დანარჩენი ვნახოთ, კანონპროექტი უნდა მომზადდეს, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის (ადამიანის ძირითადი უფლებების) პრინციპების შესაბამისად, ესაა ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. თუ იქნება საჭირო მთავრობის ჩართულობა, არ ვიცი, როგორ, რა ფორმით, მაგრამ შეიძლება, ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა. რაც მთავარია, კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როცა კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, ასეთი პრინციპით მომზადდება“, – განაცხადა კობახიძემ.

29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ „ფესვდოლიბერალური იდეოლოგიის“ პროპაგანდას აქტიურად უნდა დაუპირისპირდნენ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოიყენონ.