კობახიძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს დეკემბრამდე არ მიიღებენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მესამე მოსმენით აღარ მიიღებენ იქამდე, სანამ დეკემბერში ევროსტრუქტურები შეფასებას წარადგენენ.

„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოოდ, მესამე მომსმენით მიღებას, თუმცა იცით, რომ პრემიერს ბრიუსელში ვიზიტი ჰქონდა, უმაღლეს დონეზე შეხვედრები შედგა, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული.

შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროსაბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას.

ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავისთავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას“, – განაცხადა მან.

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით 13 ივნისს მიიღო.

ირაკლი კობახიძემ იმავე დღეს განაცხადა, რომ კანონს საბოლოოდ ივნისის ბოლომდე მიიღებდნენ და თუ ევროკომისია სიტყვა „დეოლიგარქიზაციას“ ამოიღებდა, კანონს თებერვალში გააუქმებდნენ.