ევროკომისიამ ამოიღოს სიტყვა „დეოლიგარქიზაცია“ და გავაუქმებთ კანონს - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისია და ევროკომისია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან, რადგან ვენეციის კომისია სისტემურ მიდგომას ემხრობა, ევროკომისიის რეკომენდაცია კი პერსონალურ მიდგომას გულისხმობს.

„არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის. თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია, მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია – მეორეს.

ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება.

ევროკომისია ამბობს, რომ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ის საუბრობს დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაცია ნიშნავს პერსონალურ მიდგომას. ოლიგარქი არის პერსონა.

როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციაზე 12 პუნქტიდან, მაშინვე გავაუქმებთ იმ კანონს, რომელსაც სამი მოსმენით მივიღებთ ამ თვის ბოლომდე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კანონის ამოქმედების ვადა გადაიწევა 1 მარტამდე. იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია დეკემბერში გაიზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, კანონს თებერვალში გააუქმებენ.

დამატებით შეკითხვებზე, როგორ მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან ვენეციის კომისიის და ევროკომისიის მითითებები, როცა ევროკომისია ამბობს, რომ უნდა გადაიჭრას დეოლგარქიზაციის პრობლემა, ხოლო ვენეციის კომისია ამ პრობლემის გადაჭრის გზას გვთავაზობს, კობახიძე ამბობს, რომ ოლიგარქი პერსონაა და დეოლიგარქიზაცია პერსონალურ მიდგომას ნიშნავს.

„ოლიგარქი არის პერსონა. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს კონკრეტული პერსონის დე… რაღაცის განხორციელებას. მაშინ ეთქვათ, განახორციელეთ რეფორმები. ვენეციის კომისიას კარგად უწერია, რას ნიშნავს სისტემური მიდგომა. მაშინ ევროკომისიამ გაიზიაროს ვენეციის კომისიის მიდგომა, ამოიღოს სიტყვა დეოლიგარქიზაცია და თქვას, რომ საჭიროა რეფორმები. შიდა წინააღმდეგობა აქვთ, ჩვენ გვინდა სიცხადე.

[…] დეოლიგარქიზაცია ნიშნავს მაგალითად, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, მოხდეს დეკეზერაშვილიზაცია. სიტყვა დეოლიგარქიზაცია არის პერსონალიზებული, ამიტომ მარტივ რაღაცას ვამბობთ, თვითონვე თუ არ ემხრობა ევროკომისია პერსონალიზებულ მიდგომას, აისახოს 12 პუნქტში“, – ამბობს ის.


ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესწორებული კანონპროექტი შეაფასა. კომისია წერს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ კანონპროექტში შეტანილმა ცვლილებებმა, შეიძლება, გამოასწოროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან გარდაუვალი შეუთავსებლობა. კომისიის დასკვნით, შესწორებული კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს და ნაცვლად „პერსონალური მიდგომისა“ უნდა გატარდეს „სისტემური მიდგომა“.

ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულია, რომ საჭიროა, დეოლიგარქიზაციით  აღმოიფხვრას გადაჭარბებული ზეგავლენა, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.