კობახიძე ბაჩიაშვილზე: შეურაცხმყოფელი იყო ის ფორმა, რა ფორმითაც დატოვა ქვეყანა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, შეურაცხმყოფელი იყო ის ფორმა, რა ფორმითაც გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.

„აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია. მცირე თუ არამცირე, ეს ცალკე საკითხია და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, და მის ხელმძღვანელს, ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელმაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო სამართლის აღსრულება.

რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა“, – თქვა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

საქმეში დაზარალებულად ბიძინა ივანიშვილია მიჩნეული. სასამართლომ ბაჩიაშვილს ასევე დააკისრა ივანიშვილისთვის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების ბიტკოინის გადახდაც.

მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის მეორე – მტკვარი ჰესის საქმეზეც. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.

4 მარტს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2 მარტს ქვეყანა დატოვა.

6 მარტს „ქართული ოცნების” შსს-მ აღწერა გზა, რომლითაც ბაჩიაშვილი საქართველოდან წავიდა.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 2 მარტს დატოვა. მან სომხეთის მიმართულებით, სადახლოს საბაჟო პუნქტთან ახლოს, სპეციალურად მოწყობილ სამალავში დამალული ავტომობილით გადაკვეთა საზღვარი. სომხეთის მხარეს მან რუსული პასპორტი წარადგინა და ამ გზით მოახერხა ქვეყნის დატოვება.

27 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს გიორგი ბაჩიაშვილი. უწყების თანახმად, მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.

გამოცემა The Guardian წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმროს ფოიეში დააკავეს, როცა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად მიდიოდა.

The Guardian-ის თანახმად, ბაჩიაშვილი სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა, რის შემდეგაც დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოში გასამგზავრებელ თვითმფრინავში ჩასვეს.

აბუ დაბი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქია.

14 მაისს „ქართული ოცნების” მთავრობამ დაადასტურა წინა დღეს მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვიეს, ვინაიდან „ის სახელმწიფო ინტერესებს დაუპირისპირდა”. თუმცა, დამატებითი განმარტება „ოცნებას” არ გაუკეთებია.

თავად ზურაბ პოლოლიკაშვილი კობახიძის მისამართით სვამდა კითხვას, „რაში გაცვალეს მისი კანდიდატურა”.

გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის მესამე საქმეც არსებობს – ის საზღვრის უკანონოდ კვეთას ეხება.

„მტკვარი ჰესის“ საქმეზე სასამართლო პროცესი 29 მაისს არის დანიშნული.