კობახიძე ბრიუსელში გამართულ აქციაზე: აღმოჩნდა „ნაციონალი ელგებეტე აქტივისტი“

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თსუ-ში, პარლამენტში და ბრიუსელში გამართულ აქციებს კოორდინირებულს და პარტიულად დაორგანიზებულს უწოდებს, რომელთაც მისი თქმით, კეზერაშვილი აფინანსებს.

„რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქცია, რომელსაც დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია და აღმოჩნდა, რომ ეს აღშფოთებული სტუდენტი იყო 36 წლის აქტივისტი წვიმიტიძე, „ნაცმოძრაობის“, „გრიჩის“ თუ რაც არის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოების აქტივისტი წვიმიტიძე, 36 წლის „გირჩელის“ აქციას თსუ-ში დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია.

გუშინ აქ [პარლამენტში] აქციას დაარქვეს შშმ პირების აქცია. სამარცხვინო. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი აქტივისტია „ლელოელი“, „გირჩელი“ თუ რაღაცა უბედურება აქტივისტი იყო, რომელმაც ეს გააკეთა.

რაც შეეხება ბრიუსელში გამართულ აქციას, აქაც აღმოჩნდა „ნაციონალი ელგებეტე“ აქტივისტი, რომელიც აქაც აქტიურობდა, წასულა იქ და იქაც აქტიურობს.

რეალურად ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქცია და ამას რომ არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების და შშმ პირების და ემიგრანტების აქციას, ეს არის სამარცხვინო. კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული შავი ფულით ფინანსდება ასეთი აქციები – ხან სამკაციანი, ხან შვიდკაციანი, ხან ოცკაციანი, მაგრამ ეს პარტიული კოორდინაციაა“, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 14 ივნისს პარლამენტში გამოხატულ პროტესტში მონაწილეობდა რამდენიმე „ნაცაქტივისტი“, რომლებმაც „პროვოკაციისთვის გამოიყენეს შშმ ბავშვები“.

„რეალურად პროვოკაციისთვის გამოიყენეს შშმ ბავშვები ამ ადამიანებმა, რაც კატასტროფა იყო. ერთ-ერთი ბავშვი იყო ამ ქალბატონის შვილი, მე მას ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს, რა თქმა უნდა და წარმოიდგინეთ, პროვოკაცია მოაწყო და გაიქცა ამ კიბეზე ისე, რომ ბავშვი დატოვა. წარმოიდგინეთ, რა ღირებულებებზეა საუბარი. საკუთარი ბავშვი ხომ დატოვა ამ მახინჯი პროვოკაციის მერე, ეს მეტყველებს „ნაცის“ სახეზე. როდესაც შშმ ბავშვს იყენებ პროვოკაციისთვის, მათ შორის, საკუთარ შვილს, ეს აჩვენებს ნაცის სახეს. ეს არის ლიბერალურ ფაშისტური ქმედებები, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მან.


„მონა“ „რუსო“ „ირაყლი“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ შეძახილებით ბრიუსელში ქართველი აქტივისტების ჯგუფი დახვდა.

პროტესტის ორგანიზატორი ორგანიზაცია Promote Georgia იყო. აქტივისტებს თან ჰქონდათ პრემიერის ანტიდასავლური ციტატები და ბანერების წარწერით „ირაყლი“, „მოღალატე“.

აქციაზე მოხდა ინციდენტიც. ერთ-ერთი აქტივისტი ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე საათით დააკავა.