კობახიძე: ჩვენ უკრაინას ვერანაირ წინაპირობას ვერ დავუყენებთ

პუბლიკა

მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრი სიბიჰას დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას არანაირ წინაპირობას არ უყენებს და სურს ყველა საკითხზე ჯანსაღი დისკუსია. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინასაც ამგვარი დამოკიდებულება ექნება.

„ჩვენ უკრაინას ვერანაირ წინაპირობას ვერ დავუყენებთ, ეს არის ომში მყოფი ქვეყანა. უკრაინას პირველ რიგში ვუსურვებ მშვიდობას. უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში აღდგეს მშვიდობა. […] ჩვენთვის მთავარია, რომ მშვიდობა აღდგეს უკრაინაში. რაც შეეხება წინაპირობებს, ჩვენ ვერავითარ წინაპირობებს ვერ დავაყენებთ, უფრო მეტიც, როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, ვაპირებთ, დავრჩეთ სწორედ ამ რეჟიმში შესაბამისად, არ ვაპირებთ არავითარი წინაპირობების წამოყენებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეცვლის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე. პოდოლიაკის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას.

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხი კომუნიკაციის ერთ-ერთი საგანი, კობახიძე ამბობს, რომ სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა.

„[სააკაშვილზე არ უსაუბრია არავის თქვენთან, მათ შორის, არც ზელენსკის?] ჩვენთვის ვერ იქნება ასეთი თემები საინტერესო. სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა, რომელიც არის ეთნიკურად ქართველი და რომელმაც ჯერ უკრაინას დაუშავა ბევრი რამე და უფრო ადრე საქართველოს დაუშავა ბევრი რამე. როდესაც სააკაშვილს განიხილავს ვინმე ფაქტორად ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში (და ამ ურთიერთობებს არ აქვს ერთწლიანი და ორწლიანი ისტორია) ასეთ პირობებში ეთნიკურად ქართველი კრიმინალის განხილვა რამე სახის წინაპირობად, არის სრულიად გამორიცხული“, – განაცხადა კობახიძემ.