დღეს ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმების შედეგად, დადასტურდა, რომ „რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა დახმარებას“ და 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა.
„პირველი ივნისის მონაცემებით, დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4 %. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ, თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი – გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი – 2020 წლის შემდეგ აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა…“,- ამბობს კობახიძე.
მისი განმარტებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც სოციალური დახმარება შეუწყდა თვეში 3 000 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ.
კობახიძე ამბობს, რომ „ ეს პროცესი გაგრძელდება.“