„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დაელოდებიან არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და ამის შემდეგ, „ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები”. ასე უპასუხა კობახიძემ შეკითხვას, ჰქონდა თუ არა არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებს რაიმე ტიპის კომუნიკაცია ევროპელ პარტნიორებთან.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული ქვეყნები, ვისთანაც კომუნიკაცია ჰქონდათ, კობახიძეს არცერთი ქვეყანა არ უხსენებია.
„მუდმივ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია. საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი იმყოფება მალტაში, სადაც იმართება ეუთოს ფორმატში მუდმივი შეხვედრები და გავაგრძელებთ კომუნიკაციას. მათ შორის იყო გარკვეული სატელეფონო კომუნიკაცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუმცა ეს ისეთი კომუნიკაციაა, რომელიც კონფიდენციალურია […].
ძირითადად მრავალმხრივ ფორმატებში გვაქვს ამ ეტაპზე კონსულტაციები, ეს არის იგივე ეუთო, ევროკავშირი და ასე შემდეგ.
ჩვენ დაველოდებით არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას თითოეული ქვეყნის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავააქტიუროთ ორმხრივი ურთიერთობები. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი – ყველამ უნდა აღიაროს ეუთო/ოდირის დასკვნა. დაველოდებით ასეთ აღიარებას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიაქტიურებთ ნებისმიერ ქვეყანასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს: აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა, უნგრეთმა, ირანმა, ჩინეთმა და ვენესუელამ.