მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს – თუ საპატრიარქო მიმართავს მთავრობას დიუშენით დაავადებული ოჯახების დახმარების თხოვნით, მზად არიან თუ არა, კიდევ ერთხელ განიხილონ ეს საკითხი. დღეს 15:00-ზე პატრიარქი შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების ოჯახებს შეხვდება.
კობახიძემ თქვა, რომ მათთვის საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება, ეკლესიას ჰქონდეს, თუმცა მთავრობას დღეს კონკრეტული პოზიცია აქვს.
კობახიძის თქმით, მედიკამენტების შესაძენი ფული გადასახადების გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხიდან უნდა გამოიყოს და მთავრობა პასუხისმგებელია, ხალხის ფული რაციონალურად დაიხარჯოს.
„თანხა, რომელზეც არის საუბარი, ეს იქნება 50 მილიონი თუ 60 მილიონი, ეს არაა ის თანხა, რომელსაც ჩვენ პერსონალური ჯიბიდან გავცემთ. ეს არის გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა, ხალხის ფული. ერთადერთი, რამაც შეიძლება ჩვენ შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ.
ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე.
საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, დაახლოებით, 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა: ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და შეიძლება ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სადაა აქ ჭეშმარიტება.
თუ დავრწმუნდებით, რომ ამ საკმაოდ დიდი თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში, რაზეა საუბარი. მაგრამ თუ ჩვენ გვექნება განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი მტკიცებით, საქართველოში იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ იოლი გამოსავლის გზით წასვლა სცადა და დაიხარჯა მილიონები, თუმცა შედეგი არ მოუტანია.
„იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი.
არ მინდა, დავკონკრეტდე, რა მიმართულებაზეა საუბარი. თავის დროზე მთავრობამ მიიღო ხალხის ზეწოლის საფუძველზე, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილება, დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს შედეგი.
თუ მთავრობა ამ გზით გააგრძელებს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც კიდევ ერთხელ, შეიძლება არ მოჰქონდეს არავითარი შედეგები, გარდა ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა და საბოლოო ჯამში ამ თანხების წლიური მოცულობა შეიძლება ავიდეს მილიარდ ლარამდეც კი. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფოს, მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც შეიძლება ავიდეს თანხების მოცულობა, რომელიც ხმარდება ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას.
ეს არ არის ჩვენი თანხა, მე პირადად არაფერს ვკარგავ ამ თანხის გაცემით, პირიქით, ხვალ რომ განვაცხადო ამ თემაზე, სხვა თემაზე, რომ გავცემთ 50 მილიონს, 100 მილიონს, ეს პოლიტიკურად მხოლოდ ქულების მომტანი იქნებოდა, პერსონალურად მათ შორის. მაგრამ მეორე მხარეს მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხის რაციონალურად გახარჯვაზე.
წარმოიდგინეთ, არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის, მაგალითად, 3 მლნ დოლარი, არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის 700 ათასი დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება არის მაქსიმუმ 300-700 დოლარი. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი მაფია. მთავარია, არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები.
ამასთან ერთად, თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. ჩვენთვის როგორი მიუღებელიც უნდა იყოს კონკრეტული ინიციატივები ამ რისკების გათვალისწინებით, რაც ფარმაცევტულ მაფიას უკავშირდება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შევიდეთ მშობლების მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე იყო კონსულტაციები სამინისტროში მშობლებთან. ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი რაციონალურ გადაწყვეტილებებზე. მზად ვართ კონსულტაციებზე, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა კობახიძემ.
შეხვდება თუ არა ის მშობლებს, კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არის ექსპერტული ცოდნა და უმჯობესია, კონსულტაციები იქ გაგრძელდეს.