კობახიძე „ემპათიის“ დასკვნაზე: ამ ორგანიზაციის სანდოობა არის ნულის ტოლი

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეკითვებს უპასუხა.

დღეს ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ დასკვნაში არ არის კონკრეტული დაავადება და დიაგნოზი, რომელიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის, გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძველი გახდეს.

„ორგანიზაცია „ემპათია“ პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და მისი ხელმძღვანელი ამას არასდროს მალავდა, ამიტომ ამ ორგანიზაციის სანდოობა არის ნულის ტოლი. მიკერძოებულია, ჩვეულებრივად, ეს ორგანიზაცია. ეს ერთი.

რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რაც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც ყველა პატიმარს არ აქვს, მაგალითად, და ა.შ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს, ანუ გარკვეული ტიპის გადახრა, სამედიცინო ჩვენებები შეიძლება აღენიშნებოდეს… შეიძლება კი არა, პრაქტიკულად, ყველას აღენიშნება, ამიტომ ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს, თავისთავად. კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას. ამას ვერ ამბობენ და ამის ნაცვლად არის რაღაც მშრალი საუბრები“, ამბობს ირაკლი კობახიძე.