ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს ევროპარლამენტს და მის მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებას შეადარა.
„ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების მიმართულებით და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ, ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ.
თქვენ იცით, რომ მაგალითად რუსეთის ფედერაცია და კიდევ 4 სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ნუ ეს მათი საქმეა, ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების პოლიტიკას.
როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ბუნებრივია ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე… ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით. ჩვენი ამოცანაა, ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა – როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა. მე მგონი, ძალიან დაახლოვდნენ, უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ძალიან წააგავს ევროპარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი სულისკვეთებით, იმ საბჭოური მიდგომებით, რომლითაც ისინი მუშაობენ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომას, რომელიც 24 ივნისს არის დანიშნული და სადაც საქართველო არ მიიწვიეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ევროსკოპმა“ გაავრცელა.
ევროპარლამენტში შეხვედრას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების ქვეყნების ეროვნული პარლამენტების 50-ზე მეტი წევრი დაესწრება.