კობახიძე „ფორმულაზე“: არჩევნების შემდეგ ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონით უნდა გაეცეს პასუხი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ტელეკომპანია „ფორმულაზე“ საუბრისას თქვა, რომ „ასეთ ნაცურ თავხედობებს“, რასაც აკეთებს ტელევიზია არჩევნების შემდეგ, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ „ფორმულა“ ამზადებს მასალებს ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისა და ბაობაბების საკითხზე და რას ფიქრობს ის ამ საკითხზე, სწორედ ამ შეკითხვას უპასუხა კობახიძემ.

„ეს არის ტიპური ნაცური თავხედობა. ეს არის კეზერაშვილის ტელევიზია, რომელმაც სახელი გაითქვა ყაჩაღობით და რეკეტით. ასეთი ადამიანის ტელევიზია ახლა საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო პროექტზე. ეს არის ნაცური თავხედობა, დიდი ხნის განმავლობაში ცოტა ლოიალურად ვუყურებდით ნაცურ თავხედობს, მაგრამ არჩევნების შემდეგ ასეთ ნაცურ თავხედობებს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი“, – თქვა კობახიძემ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „დროებას“ სიუჟეტი „ბიძინას ბაობაბები და ხალხი“ 5 ნოემბერს გავიდა, ხოლო რამდენიმე მასალა დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით ივლისშია გამოქვეყნებული. უცნობია, ახლა რატომ ჰკითხა ჟურნალისტმა კობახიძეს ამ საკითხზე ან კონკრეტულად რომელ სიუჟეტს გულისხმობდა.