კობახიძე: განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, მათ 3 წლით გადასახადები გაუუქმდებათ

პუბლიკა

ქვეყანაში განისაზღვრება „ინოვაციური სტარტაპის სტატუსი“, რომლის მქონე კომპანიებსაც 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის ცნობით, შესაბამის კანონპროექტს უახლოეს მომავალში დაინიციირებს საქართველოს მთავრობა. მან ასევე ისაუბრა ქართული ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებაზე.

ირაკლი კობახიძემ გამოყო 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას მოემსახურება:

„პირველი – დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ,  განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება; შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და აქვს ქვეყანას ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნილება, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით; ბოლოს, აგროტექნოლოგიები –  აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება“, – განაცხადა კობახიძემ.