„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იგეგმება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვა, რომელიც „გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის“.
კობახიძის თქმით, „ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია“.
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. როგორც მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში და გვინდა, გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც, გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის.
ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, ეს აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც“, – თქვა კობახიძემ.