კობახიძე: იმედია, ახალი ელჩის პირობებში აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება

პუბლიკა

„ოპტიმისტურად ვუყურებ ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს მიდგომები ფუნდამენტურად შეიცვლება.“ – ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აშშ-ის ახალი ელჩის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველ პარტია კრიტიკულად აფასებდა კელი დეგნანის საქმიანობას და იმედი აქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში აღარ გაგრძელდება „ექსტრემისტების მხარდაჭერა და დაფინანსება“

„რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა, ასეთი რაღაცები არ შეიძლება განმეორდეს.

საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ჩვენი პარტნიორების მყარი ნდობა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება და აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება, მხარდაჭერა და ა.შ. ყველაფერი იცის საზოგადოებამ რა ხდებოდა წინა ელჩის პირობებში და რაში იყო ეს ადამიანი ჩართული.“ – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ელჩთან შეხვედრები, კონსულტაციები, პარტნიორობა და თანამშრომლობა.

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, რობინ დანიგენი ჩამოვიდა. დღესვე ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოში ჩამოსვლამდე რობინ დანიგენი ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მანამდე, 2018-2021 წლებში, დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.

რობინ დანიგენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 1992 წელს დაიწყო და თავისი კარიერის მანძილზე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

მას დიპლომატიური კარიერის განმავლობაში უმუშავია ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში აშშ-ის საელჩოებში.

დანიგენმა მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმარტულებით „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. ასევე მაგისტრის ხარისხს ფლობს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და აქვს ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. დანიგენი საუბრობს ინგლისურ, ასევე ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.