კობახიძე: ხალხს და ხელისუფლებას შორის ზღვრის გავლება ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, “ზღვრის გავლება ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ავტორირატული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდა”, ვინაიდან ქვეყანაში “ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებაა”.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ასე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ გუშინ, 13 სექტემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თავის სიტყვაში ახსენა ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა და არ უხსენებია საქართველოს ხელისუფლება.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ამავე კონტექსტში ასევე ჰკითხა:

“შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსული ნარატივია, როცა ოპოზიცია ყოფს ქართველ ხალხს და ხელისუფლებას და რომ ეს ჯოზეფ ბორელსაც უთრეს. რა სურს ოპოზიციას ამ ნაბიჯით?”

პასუხად კობახიძემ თქვა:

“შალვა პაპუაშვილს ვეთანხმები, წარმოებს დეზინფორმაციული კამპანია. ასეთი კამპანიები ახასიათებს ავტოკრატიულ რეჟიმებს. რატომ იყენებენ ამ კამპანიებს ჩვენთან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და რაც მთავარია, მათი პატრონები საზღვარგარეთ, არ ვიცი.

ქვეყანაში არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ზღვრის გავლება ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ავტორირატული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდა. ყველას ვურჩევ, ასეთი პროპაგანდისგან თავი შეიკავოს. ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება”.

8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან თბილისში შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრისას მათ შორის იმაზეც ილაპარაკეს, რომ ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა მიუღებელია.

რაც შეეხება ევროკომისიის პრეზიდენტს – ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, „უკრაინის და მოლდოვის მომავალი EU-შია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა”.