„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა დღეს უკვე მეორედ თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო „დიფ სთეითის” გავლენის ქვეშაა.
გუშინ, 26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მიდივანმა, მარკო რუბიომ დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცა. დღეს კი მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.
კობახიძე ამბობს, რომ ეს აჩვენებს დაპირისპირებას „დიფ სთეითსა” და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის.
„ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე.
ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის.
ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და დიფსთეითს შორის. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება, ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში”. – თქვა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კობახიძემ თქვა, რომ ტრამპის წერილმა აშშ-სთან ურთიერთობის გაჯანსაღების იმედიც გააჩინა.
რაც შეეხება მარკო რუბიოს – ირაკლი კობახიძემ დღეს მილოცვაზე ისიც თქვა, რომ თუ „დიფ სთეითმა” უნდა განსაზღვროს ამერიკული მოლოცვები, ამას ფასი არ აქვს”.