კობახიძე: კითხვაა, რატომ აძლევს მოსამართლე სააკაშვილს პოლიტიკურ პლატფორმას

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრივილეგირებულია ის მოსამართლე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე გამოსვლის პირდაპირ ეთერში გაშვების უფლებას აძლევს.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც მთავრობა უნდა დაამტკიცონ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ანა ბუჩუკურის კითხვას უპასუხა.

ბუჩუკურის კითხვა ასეთი იყო:

„რატომ აძლევთ სააკაშვილს პარტიული თათბირების ჩატარების უფლებას?”.

ირაკლი კობახიძის თქმით, შენიშვნა, რომ სასამართლო პოლიტიკური სიტყვის პლატფორმად არ უნდა იქნეს გამოყენებული, ლეგიტიმურია.

„ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ. თუმცა, შეგიძლიათ, მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რატომ სარგებლობს ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან არის ეს კონკრეტული მოსამართლე და რატომ პრივილეგირებული? […] კიდევ ერთხელ, მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ მოსამართლეს გულისხმობს.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომელიც ნინო ელეიშვილისგან, მაია კოპალეიშვილისგან და ლაშა კლდიაშვილისგან შედგება.

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილია. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს კი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილია.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას – 2023 წლის 21 დეკემბერს მისმა დეპუტატებმა „ქართულ ოცნებას” მოუწოდეს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან” საპატიმროში გადაიყვანონ. მაშინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა. მიხეილ დაუშვილმა თქვა, “მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა”.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში 2022 წლის მაისიდან იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის სასამართლო პროცესებს ვერ ესწრება და კლინიკიდან ერთვება. მისი მიმართვები პირდაპირი ეთერის რეჟიმით გადაიცემა.