კობახიძე: კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების წინაშე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის შეფასებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კუბილიუსს აქეთ აქვს ბოდიში მოსახდელი, რადგან ის საქართველოს მეორე ფრონტად ჩართვის კამპანიაშია ჩართული.

„მე შეგახსენებთ, რა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა და თქვენ იმსჯელეთ შემდეგ – ვიოლა ფონ კრამონმა თქვა ასეთი რაღაც: ევროპარლამენტის რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთადო.

წარმოიდგინეთ, ასეთი რამ თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. როცა ასეთ ბრალს უყენებ და უკადრებელს აბრალებ ამერიკელ პარტნიორებს, რა შეფასებას იმსახურებს ეს ქალბატონი, თავად განსაჯეთ.

კუბილიუსი არის ჩართული იმ კამპანიაში, არ ვიცი მას რა ამოძრავებს, ის პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა. რა არის მისი მოტივაცია არ ვიცი, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ამ კამპანიის ნაწილია. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.“ – განაცხადა კობახიძემ.

დღეს ევროპარლამენტარმა, ანდიურს კუბილიუსმა ტვიტერზე დაწერა, რომ ენა და ბრალდებები, რომლებსაც იყენებს ირაკლი კობახიძე, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და მან სასწრაფოდ ბოდიში უნდა მოუხადოს ვიოლა ფონ კრამონს.