კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს სასწრაფოდ ბოდიში უნდა მოუხადოს – კუბილიუსი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ მან ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში უნდა მოუხადოს.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს სასწრაფოდ ბოდიში უნდა მოუხადოს. ენა და ბრალდებები, რომლებსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და აზიანებს „ქართული ოცნების“ გაცხადებულ მცდელობებს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – აცხადებს კუბილიუსი.


7 სექტემბერს, თბილისში ვიზიტით ყოფნისას ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი უთხრეს.

8 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრამონი „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან“.

„ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომლებიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის, მე მგონი, არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან”, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეურაცხმყოფელ კომენტარს ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე უპასუხა:

„ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო ქვემოთ მიიწევს და უფრო მეტ ტყუილს იგონებს. ამის დანახვა ძალიან სევდიანია. საბრალო საქართველო. ქართველი ხალხი ამაზე უკეთესს იმსახურებს, თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაბლა დაეშვებიან ისინი“, – წერდა ვიოლა ფონ კრამონი.