კობახიძე: მგონია, რომ ასეთი აღელვებები ხელოვნურია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ არავინ აღელვებულა, როდესაც „ნაცმოძრაობის“, ვითომ მთავარი ანტირუსული პარტიის მთავარ თავყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე რუსულ ენაზე შესრულდა თბილისო.

„როგორც ჩანს, ის იყო ერთ-ერთი მაყურებელი და ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მოიხმო სცენაზე, არ ვიცი, აქ რა შეიძლება, გაკეთდეს, იყო ასეთი შემთხვევა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც „ნაცმოძრაობის“, ვითომ მთავარი ანტირუსული პარტიის მთავარ თავყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე რუსულ ენაზე შესრულდა თბილისო და მაშინ არავინ აღელვებულა.

დღეს, როდესაც ვხედავთ ასეთ აღელვებას, აქ არის ხელოვნურობის ნიშნები. ასევე იცით, რომ ელენე ხოშტარია პრაქტიკულად ყოველთვიურ რეჟიმში იღებს რუსულ რუბლს რუსული ბიუჯეტიდან, ამაზეც არავინ ღელავს. გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას, აქირავებდა, აქირავებს, არ ვიცი, ყველა შემთხვევაში აქირავებდა, ამაზეც არავინ ღელავს. ამიტომ, მგონია, მაქვს უფლება მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები არის ხელოვნური. შეიძლება, იქ ბევრი ადამიანი გულწრფელად აღელდა, გასაგებია, ბუნებრივია, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% და მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ, მაგრამ მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი აღელვება არის ხელოვნური და ამ რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები. როდესაც „ნაცმოძრაობის“ მთავარ აქციაზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსულად ჟღერდება „თბილისო“ და ამაზე არცერთი ადამიანი არ ღელავს, მგონია, რომ სხვა შემთხვევაში ასეთი აღელვებები არის ხელოვნური“, – განაცხადა კობახიძემ.

15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე, ჯგუფის „The Killers“ კონცერტზე, ჯგუფის სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. ამის გამო მსმენელის ნაწილმა კონცერტი დატოვა.

„ბლექ სი არენამ“ და ჯგუფმა The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება.

„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა! აუდიტორიიდან ადამიანების დრამზე დასაკრავად მოწვევის მრავალწლიანი ტრადიცია გვაქვს და დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ თითქოს დღეს სცენაზე აუდიტორიიდან ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო.
ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი „ძმები და დები” არიან, შესაძლოა, არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არ გვსურდა არავის შეურაცხყოფა და ბოდიშს გიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით”, – წერს ჯგუფი „The Killers”.