როთი: კობახიძე, მინდა დაგარწმუნოთ, ბუნდესტაგის უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება კანონს

პუბლიკა

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს მიმართავს და ამბობს, რომ ბუნდესტაგის „აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”.

„ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა, დაგარწმუნოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომელიც დემონსტრაციებს მართავს ევროკავშირის ღირებულებებისთვის”, – წერს როთი.


გერმანიის საელჩომ კანცლერის 12 აპრილს გაკეთებული განცხადების თარგმანი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მმართველი პარტიის წევრებმა ოლაფ შოლცის მათთვის მიუღებელი განცხადების დამახინჯებაში ქართველი თარჯიმანი დაადანაშაულეს.

თუმცა, საელჩოს მიერ ქართული თარგმანის გამოქვეყნებამდე საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა შოლცის განცხადება ინგლისურად თარგმნა და X(Twitter)-ზე გამოაქვეყნა. ასევე, გერმანიის კანცლერის კრიტიკული განცხადების სისწორე დაადასტურეს გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა.

ირაკლი კობახიძემ 12 აპრილს გერმანიის კანცლერთან ერთად საერთო პრესკონფერენციაზე კვლავ გააგრძელა ის რიტორიკა, რომელსაც რუსულ კანონთან დაკავშირებით აქამდე აკეთებდა.

მან მანიპულაციურად აღნიშნა ისიც, რომ „[მსგავს კანონს] ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი”.

მოგვიანებით, სწორედ აღნიშნულ მოსაზრებას გამოეხმაურა კითხვის პასუხად გერმანიის კანცლერიც და აღნიშნა, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს; რომ იქ მიმდინარეობს დისკუსია სხვადასხვა სფეროში გამჭვირვალობის შესახებ, რაც სრულიად სხვა კონცეფციაა.