კობახიძე: მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. ის მიიჩნევს, რომ კლინიკაში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების გავრცელება არ არის ღირსებისშემლახავი მიხეილ სააკაშვილისთვის და ვერ ხედავს ამ კუთხით პრობლემას.

„მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იყო 2004-2012 წლებშიც და სამწუხაროდ, მისი ეს მძიმე ფსქოლოგიური მდგომარეობა აისახა საქართველოს მოსახლეობაზე. არ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ასეულობით ადამიანს იწირავდეს ციხესა თუ ციხის გარეთ, ან კიდევ, რაც გააკეთა 2008 წელს. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დამსახურება იყო, რაც მან მოუტანა საკუთარ ქვეყანას“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის შესახებ კლინიკაშ ჩაწერილი უხმო ვიდეომასალა, რომელიც 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია რამდენიმე თარიღი, ბოლო კადრი 12 დეკემბრითაა დათარიღებული.