კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ დასუსტებაშია პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შერიგებასა და პრეზიდენტის მიერ დაანონსებული „ინკლუზიური პროცესის“ დაწყების შესახებ შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, შერიგებამდე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აღიაროს დანაშაულები და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი შერიგებაზე საუბრის დაწყება.

„თუ ვინმე მოახერხებს, რომ „ნაცმოძრაობამ“ შეცვალოს რიტორიკა, დამოკიდებულებები, აღიაროს დანაშაულები და გავიდეს პოლიტიკიდან – ამას თუ ვინმე მოახერხებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცდელობა არის წარმატებული, თუმცა არ მგონია, რომ ეს ვინმემ მოახერხოს.“ – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, რადგან არჩევნები წააგო და დაკავებულია „მათი ბელადი“

„ნაცმოძრაობის დასუსტებაშია პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები.“ – ამბობს კობახიძე.

„ქალბატონ სალომეს აქვს უფლება, მაქსიმუმი სცადოს ვითარების დეესკალაციისთვის, თუმცა რესურსები ამოწურვადია და ყველაფრის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტს გავყვეთ ყველა მცდელობაში, რომელიც ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული და უნდა ვნახოთ, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს მცდელობა.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.