კობახიძე პარლამენტში გამოსვლისას კვლავ დაესხა თავს სამოქალაქო ორგანიზაციის თანამშრომლებს

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას კვლავ „ბაკურიანის გეგმასა“ და კონსპირაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, არამსამთავრობო ორგანიზაციები უშლიან ხელს სტატუსის მიღებაში ქვეყანას. ამ კონტექსტში მან ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ თანამშრომელ ვანო ჩხიკვაძეზე ისაუბრა.

კობახიძემ ვანო ჩხიკვაძეს, რომელიც ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელია, უცხოელი აგენტი უწოდა.

„აქ ნახესენები იყო ვანო ჩხიკვაძე, ერთ-ერთი უცხოელი აგენტი, დადებით კონტექსტში, რომ თითქოს ევროინტეგრაცია მას მოუტანია საქართველოსთვის. ვანო ჩხიკვაძე არის ის კაცი, რომელმაც დაწერა დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. ეს არის სერგო ორჯონიკიძე, თქვენი ვანო ჩხიკვაძე, რომელსაც დღეს დააბრალეთ ევროინტეგრაციის გულშემატკივრობა. ეს არის თქვენი სახე, ეს არის უცხოელი აგენტის სახე. ვანო ჩხიკვაძე არის უცხოელი აგენტის, სერგო ორჯონიკიძის სახე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციას“, – თქვა მან.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღესაც აქტიურად მიმდინარეობს აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ეს არის ჯაშუშური საქმიანობის გაგრძელება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე იწონებდა და მხარიც დაჭირა პრორუსული „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ რუსულ კანონს.