კობახიძე: როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე სახელმწიფოს კონტროლს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილზე რასა იუკნევიჩანეს განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

დღეს რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაცია ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.

„ვერავითარ რბილ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ქალბატონი რასაც განცხადება იყო სამარცხვინო. არავითარი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს და იმეორებს ევროპარლამენტის რეზოლუციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განმარტებები გვჭირდება. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტები. არავითარი ფაქტები და არგუმენტები არ აქვთ, უბრალოდ სიტყვების დამარცვლაა, რომელიც საქართველოში არავის სჭირდება.

როდესაც საუბარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართულობაზე, გვქონია ჩვენ ამაზე საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ ფაქტები არ აქვთ. ვერცერთ ფაქტი ვერც საჯაროდ და ვერც ერთი-ერთზე ვერ წარმოადგინეს. ფაქტი არ გაქვს, მაგრამ რაღაც წარმოდგენა ხომ შეიძლება გქონდეთ, როგორ, რა ფორმით შეიძლება იყოს ეს ადამიანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ. არ ვიცი ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ, მაგრამ მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები.

ავიღოთ მაგალითად ტელევიზიის მართვა, როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზიის მენეჯერი დილაობით არ მოდის სამსახურში და აკონტროლებს ტელეკომპანიას. ერთი კორპორაციის მართვაც კი რთულია, თუ ყოველდღიურად არ დადიხარ სამსახურში, ან კვირაში ერთხელ თუ მაინც არ მიდიხარ, რამდენიმე ასეული ადამიანია და წარმოიდგინეთ, 4 მილიონიანი ქვეყანა, საერთოდ არ ჩნდები და აკონტროლებ სიტუაციას ამ სახელმწიფოში ყოველგვარი გამოჩენის გარეშე, თვეში ერთხელ ვიღაცას ურეკავ, თუ არ ვიცი რა წარმოუდგენიათ. არათუ ფაქტები არ აქვთ, წარმოდგენაც კი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.