კობახიძე: საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის „დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის“, რის გამოც პოლემიკაში შესვლას არ აპირებენ.

„რაც შეეხება ამ [მიტროპოლიტ იობის] განცხადებას, მე ასე ვიტყოდი, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში შესვლას და ასევე ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები…

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ დაგვეცვა ეკლესია თავდასხმებისგან და იმედი გვაქვს, მომავალში ისე გაგრძელდება პროცესები, როგორც ეს არის მაქსიმალურად ეკლესიის და ქვეყნის ინტერესებში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტ, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ მიტროპოლიტ იობის გინების ფაქტს და აღნიშნა, რომ მისთვის „ასეთი ტიპის უხეში, შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია“.

„ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თავის დროზე სერიოზული როლიც ჰქონდა, თუმცა დღეს არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ამასთან დაკავშირებით წარმოება დაწყებულია, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ჩემთვის ზოგადად ასეთი ტიპის უხეში, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რა თქმა უნდა, მიუღებელია“, – თქვა კობახიძემ.

რა თქვა მიტროპოლიტმა იობმა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 10 ნოემბერს წირვის შემდეგ ქადაგებისას ხელისუფლება და ხელისუფლების მიერ ეკლესიის დაფინანსების პრაქტიკა გააკრიტიკა, რადგან ამის შედეგად, მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირების დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას ვეღარ იმაღლებს.

„ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმინდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ.

დღეს სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და ბევრისთვის ძალიან რთული გასაგებია – ქადაგებ, რომ გაჭირვება დაითმინონ, ქაგადებ, რომ სიღარიბე დაითმინონ, ვიღაცას დაეხმარონ და შენ ამას არ აკეთენ – როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები?! ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში ხელისუფლებასთან შერწყმით… არაფრით არ შეიძლება“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას.

მისი თქმით, სახელმწიფოსგან დაფინანსების მიერ მოტანილი ცუდი მაგალითია საბერძნეთი, სადაც მიტროპოლიტის მტკიცებით, შედეგად ის მოხდა, რომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვეს, ამის შემდეგ კი ქვეყნის პრემიერს სასულიერო პირები ზეიმით ხვდებიან. გამოსავალი მისი თქმით, შეიძლება ის იყოს, რომ ეკლესია მრევლის გადასახადებიდან დაფინანსდეს.

„ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი იმიტომ, რომ ძირითადად ეკლესია ფინანსდება სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს – იყოს გამჭვირვალე.

თითოეულმა თქვენგანმა, მრევლის წევრებმა, უნდა იცოდეთ სად რა იხარჯება თითოეული თეთრი. სად მიდის, რას ხმარდება. მაგრამ ესეც ყველამ არ ვიცით…

…ჩვენ რაღაც-რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა – გასაგებია, გადაირჩია ერმა. მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს – განარკომანდა დიდი ნაწილი ახალგაზრდების, გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და ხელისშეწყობით“, – თქვა იობმა.

მიტროპოლიტი სუსის კრებსებსაც შეეხო და თქვა, რომ კრებსების გასაჯაროება ბიძინა ივანიშვილის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა.

ამ განცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა მიტროპოლიტ იობს სოციალურ ქსელში რუსულ ენაზე აგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დღეს, 16 ნოემბერს 16:30 საათზეა ჩანიშნული.

ლაშა ნაცვლიშვილი 2018–2021 წლებში მუშაობდა პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ კონსულტანტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 2017 წელს წელს დააფუძნა POSTV, 2012 წელს მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ.