ირაკლი კობახიძის განცხადებით, იწყება პროცესი, რომლის საფუძველზეც გატარდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა.
კობახიძის თქმით, ეს გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას და სისტემის გაჯანსაღებას.
„სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები. ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც გატარდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა – მენეჯმენტის ცვლილება, სისტემის გაჯანსაღება და დახვეწა-გაუმჯობესება.
ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგვცემს როგორც ეკონომიის, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფო საწარმოებში ეფექტიანობის ხარისხის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად.
თუ ვეხებით ჩვენ რკინიგზას, ენერგეტიკას, ყველგან არის შესაძლებელი მეტი ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა, მეტი წარმატების მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად გაკეთდება.
ენერგეტიკის სფეროში, მაგალითად, ჩამოყალიბებული იყო გარკვეული პრაქტიკა, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ეს პრაქტიკა თავიდან ბოლომდე მოისპობა, უახლოესი, მაქსიმუმ, ორი თვის განმავლობაში. იგივე არის გასაკეთებელი ყველა სხვა სფეროში. მაქსიმუმი გაკეთდება საიმისოდ, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც დამატებით წაახალისებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ამისთვის უახლოეს მომავალში მომზადდება საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და ვთხოვთ პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რათა საბოლოოდ გატარდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა“, – განაცხადა კობახიძემ.