ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყოს ხელი.
დღეს კობახიძე ნაურუს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას გამოეხმაურა.
„21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი. საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს, რომელიც მუშაობს წარმატებული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისათვის”, – თქვა მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.
30 ივლისს კუნძულოვანმა სახელმწიფო ნაურუმ უკან გაიწვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, ხოლო მანამდე რამდენიმე დღით ადრე მათთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.