კობახიძე: თურქმენეთს განვიხილავთ საიმედო პარტნიორად და მეგობარ სახელმწიფოდ

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ და საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

მისი თქმით, შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია და ამ კონტექსტში თურქმენეთი განიხილება საიმედო პარტნიორად და მეგობრად.

„ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ  ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს, ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

მქონდა ბატონ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განვიხილეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის…

ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით. გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ინიციატივებმა და პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და განვითარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენეთი მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს ამ კურსს, განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს და მიაღწევს შემდგომ წინსვლას თურქმენი ხალხის საკეთილდღეოდ. ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

დელეგაციებთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.

ასევე განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის – „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

თურქმენეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია.

მისი თქმით, საქართველო და თურქმენეთი მონაწილეობენ ტრასეკა სატრანსპორტო დერეფანში და შეთანხმება შედგა, რომ გაგრძელდება მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე თანამშრომლობა შედგება სხვა მონაწილე მხარეებთან.

„დადასტურდა, რომ მომავალში გაგრძელდება თანამშრომლობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის და ამის მიმართ აღებული არის ვალდებულება.

ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, გავაფართოოთ ასევე ჩვენი თანამშრომლობა, დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს.

საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია და თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩვენი ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას. ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის დროს ჩვენ გავიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მაგალითად წარმოებული პროდუქციის მიმოცვლა და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ქვეყნებს აქვს შესაძლებლობა სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ახალი სფერო და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესურთიერთობებს, ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას და გვსურს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები. […]

სამხრეთ კავკასია ეს არის ერთ-ერთი ნაწილი კასპიის და კავკასიის ქვეყნებს შორის გამავალი მარშრუტის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი ძალიან იმედისმომცემ პროექტებს მოიცავს, როგორიც არის მაგალითად ლაპის ლაზული, იგივე ლაზურიტის დერეფანი, რომელშიც ასევე ავღანეთი შედის, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასევე კასპიისა და შავი ზღვის დერეფანი, რომელიც მოიცავს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ასევე რუმინეთსაც.

ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ ტრასეკა სატრანსპორტო დერეფანში და ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან. სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას კასპიისა და შავი ზღვის პორტებზეა სუბარი ორმხრივი სარგებლის მისაღებად. ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო, ინდუსტრიის, წარმოების, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ ბევრ სხვა სფეროში“, – განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.