კობახიძე უხამსობის რეგულირებაზე: EU-მა თითი დაადო 3-დან ერთ-ერთ ვარიანტს და იმას ვიღებთ

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის და რომელზეც მმართველი პარტია დაჩქარებული წესით მუშაობს, ევროკავშირის მიერ არის შერჩეული.

„ეს ნორმა არის ძველი. რაც შეეხება ამ რეგულაციებს – თავიდან ბოლომდე ეფუძნება ევროკავშირის დირექტივას. ეს კანონპროექტი არის გაგზავნილი ევროკავშირში. ვარიანტებიც შევთავაზეთ. თითი დაადეს სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს და ვიღებთ ამას. დამთავრებული ამბავია.

უხამსობას რაც შეეხება, ეს ჩანაწერი იყო ძველი და ის რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც. უხამსობა წარსულშიც ბევრი ისმოდა სატელევიზიო ეთერებიდან, ეს კულტურის საკითხებია და ჩვენ ამაში არ ვერევით”. – თქვა მან.

მისივე თქმით, კანონპროექტის შესახებ დეტალები არ არიცის, თუმცა, მმართველ პარტიას „არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს”.

„ჯერ თვითრეგულირება, შემდეგ კომუნიკაციების კომისია. სამი ვარიანტი შევთავაზეთ და იმათ აირჩიეს. რასაც გვეტყვით, იმას გავაკეთებთო, ვუთხარით. და ეს აირჩიეს”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 19 ოქტომბერს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც მედიისთვის საფრთხე შეიცავს. კანონპროექტი I მოსმენით „ქართულმა ოცნებამ” 18 ოქტომბერს დაამტკიცა.

მთავარი ცვლილება, რომელიც მედიისთვის საფრთხის შემცველია, გულისხმობს „უხამსობისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ენიჭება მასზე რეაგირების უფლებამოსილება. 

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ისედაც გვაქვს მუხლი – „სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვაზე”.

აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით, მაუწყებლის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება არ აქვს მიმართოს კომუნიკაციების კომისიას თუ საკითხი ეხება ზემოთ აღნიშნულ 55მუხლს.

პარლამენტში ამჟამად ინიციირებული და პირველი მოსმენით მხარდაჭერილი პროექტი კი სწორედ ამ წესს ცვლის.

კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, ამ კანონის 552  მუხლის დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების [ანუ გასაჩივრების შიდა მექანიზმი] ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს კომისიაში.

კომისია კი უფლებამოსილი იქნება, „ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის შემთხვევაში” რეაგირება განახორციელოს ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.

„უხამსობის რეგულირება”

გარდა ზემოთ აღნიშნული ცვლილებებისა, პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთული პროექტი ასევე ითვალისწინებს კანონში „უხამსობის შესახებ” ჩანაწერის ისე შეცვლას, რომ მასზე პასუხისმგებელ უწყებად კომუნიკაციების კომისია განისაზღვრება.

56 პრიმა მუხლში გაჩნდება ჩანაწერი – „იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას”.

ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, „უხამსობის შემცველი” პროგრამის/რეკლამის განთავსებაზე რეაგირების უფლებას იღებს კომუნიკაციების კომისია. რეაგირების პროცედურები კი გაწერილია „ანგარიშვალდებულებისა და სანქციების” თავში.