კობახიძე: ზელენსკის განცხადებამ დაადასტურა ყველაფერი, რასაც ვამბობდით აქამდე

პუბლიკა

მმართელი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, ამიტომაც გრძნობენ პასუხისმგებლობას.

„ვამბობდით, რომ ვინც ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად, მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის შესახებ გუშინ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. მან  მიმართა საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.