კობახიძე ზურაბიშვილზე: ვიცით, რატომ იცვალა ფერი, თუმცა ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთია

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია და „გაუგებარი განცხადებები“ სჭირდება იმისთვის, რომ ენმ-ს გამოსტყუოს ტაში.

კობახიძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას სალომე ზურაბიშვილის „ფერისცვალების“ მიზეზებზე ინფორმაცია აქვს, თუმცა მოერიდებიან დეტალებზე საუბარს, რადგან „ზურაბიშვილს წითელი ხაზები ჯერ არ გადაუკვეთია“.

„ერთი მხრივ, საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, გაუგებარია. და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად. რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, თითქოს მეორე ფრონტი არის კონსპირაცია, ამაზე მინდა, პრეზიდენტს მისი განცხადებები შევახსენო 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რას ამბობდა ის 2008 წლის ომის შესახებ, როგორ დაიწყო 2008 წლის ომი, ის იყო კონსპირაცია თუ რა იყო. იქნებ გაიხსენოს საკუთარი განცხადებები და ამის შემდეგ ისაუბროს მეორე ფრონტთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე. ეს კითხვა მაქვს ქალბატონი სალომეს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, არსებობს გლობალური ომის პარტია, ამის შესახებ ზურაბიშვილს ინფორმაცია აქვს.

„რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების ინტერესი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ ფართო ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით და ამ ფონზე რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ის ინფორმირებულია იმ საკითხების შესახებ, რასაც დღეს კონსპირაციის თეორიას ეძახის. მას აქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია ამ ყველაფერზე, თუმცა, როგორც ჩანს, მას აქვს საპირისპირო ინტერესი“, – ამბობს კობახიძემ.

მისი თქმით, ყველასთვის ნათელია, სად დგას „ქართული ოცნება“ და ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციების კრიტიკა კურსის ცვლილებას ან მის რევიზიას არ ნიშნავს.

„რაც შეეხება იმას, თუ სად ვდგავართ ჩვენ, ეს ყველასთვის ნათელია. როცა მმართველი გუნდისგან ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციებზე კრიტიკა ისმის, ეს არ ნიშნავს კურსის ცვლილებას, ან რევიზიას ამ კურსში. სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს აანალიზებს, თუმცა სჭირდება ისეთები რაღაცების თქმა, რითაც უნდა, რომ ტაში გამოსტაცოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, დღეს რამდენჯერმე გამოსტაცა ტაში ენმ-ის წარმომადგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე – რამ შეცვალა მმართველი პარტიის ურთიერთობა ზურაბიშვილთან, – კობახიძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვთ, თუმცა ჯერ არ ისაუბრებენ.

„შეიცვალა ის, რომ ის დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, რატომ იცვალა მან ფერი, თუმც მოვერიდებით დეტალებზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს წითელი ხაზები არ გადაუკვეთია. ჩვენთვის მთავარი, როცა წითელ ხაზებზეა საუბარი, მთავარია საქართველოს კეთილდღეობა და აქ იგულისხმება ყველაფერი – სუვერენიტეტი, კეთილდღეობა, დამოუკიდებლობა და ყველაფერი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში ასახული, მათ შორის ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა კობახიძემ.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.

მოხსენება მან იმის განხილვით დაიწყო, რა ვითარებაში გადაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება და როგორი იყო გუნდის პოლიტიკა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ისაუბრა, სად დგას დღეს საქართველოს ხელისუფლება.

მისი შეფასებით, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა, „ოცნებაში“ აღარ ისმის განსხვავებული აზრი, გაძლიერდა პარტიის გავლენა სახელისუფლებო შტოებზე; ხელისუფლება უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანსა და ხალხის მანდატს.