ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრიშვილი დანიშნა.
ამ პოსტზე მან ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლა.
კობახიძის თქმით, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
„მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა, ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ლევან დავითაშვილმა ბიძინა ივანიშვილს „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა.
„მან საშუალება მომცა, წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მემუშავა სხვადასხვა მიმართულებით, გარკვეული წარმატებებით. გარკვეული წვლილი შეგვეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ეს იყო უნიკალური შანსი, რომელიც პირადად ჩემთვის არის დაუვიწყარი“, – თქვა მან.
ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა. იყო ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან. მანამდე, 2016-2022 წლებში იყო სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი.
მარიამ ქვრივიშვილი 2021 წლიდან ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.