კობახიძე 2008-ის ომის მერე აშშ-ის მიერ გამოყოფილ $1 მლრდ-ს დახმარებად არ მიიჩნევს

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ 1 მილიარდი აშშ დოლარს დახმარებად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

კობახიძეს დღეს ჰკითხეს მილოცვებზე აშშ-დან და ევროპული ქვეყნებიდან – მათ დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს მიულოცეს და არ უხსენებიათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ამ კონტექსტში „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის“, „დიფ სთეითი მძლავრობს“ და რომ „აშშ-ის აროგანტულობას საფუძველი არ აქვს“.

ამავე კონტექსტში ილაპარაკა მან აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე და თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანასება, ასევე, ომის შემდეგ გამოყოფილი თანხა „დახმარება არ არის“.

„მე ჩემს წერილში მათემატიკური სიზუსტით დავდე რიცხვები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩვენ ფინანსური თვალსაზრისით აშშ-ისთვის იმაზე მეტი შეღავათი გვაქვს მიცემული – ვგულისხმობ სამხედრო მისიებში ჩვენს მონაწილეობას, ვიდრე მიღებული გვაქვს დახმარება.

დახმარებაში არ ითვლება ენჯეოებისთვის ჩამორიცხული თანხები. ასევე არავითარი დახმარება არ იყო ის თანხა, რომელიც ჩაირიცხა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად 2008 წლის ომის შემდეგ.

ამას თუ გამოვაკლებთ და ავიღებთ რეალურ დახმარებას, დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები იქნება ციფრები იმ შეღავათთან შედარებით, რომელიც ჩვენ მივეცით ამერიკულ მხარეს.

ამიტომ, აროგანტულობას არ აქვს არავითარი საფუძველი. არ შეიძლება ასევე მუდმივად საუბარი იმაზე, რომ რომ არა ამერიკული მხარდაჭერა, საქართველო არ იარსებებდა. 3 ათასი წელია, არსებობს ჩვენი ქვეყანა. 23 საუკუნეა, არსებობს ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია. ყველაზე დიდი დახმარება საქართველოს საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე გამოეყო, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გაიმართა.

აშშ-მა გამოყო 1 მილიარდი აშშ დოლარი ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების სახით.

ევროკავშირი (EU) — ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა საერთო ჯამში გამოყვეს დაახლოებით 500 მილიონი ევრო.

მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებმა გამოყვეს სესხები და გრანტები ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიზნით.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის იაპონიამ, ნორვეგიამ, შვედეთმა, თურქეთმა და სხვა საერთო ჯამში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დახმარება გამოყვეს.

ჯამურად გამოყოფილმა თანხებმა 4.55 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იმ დროისთვის ეს საქართველოს მშპ-ის მესამედზე მეტი იყო.

რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას დასავლურ სამხედრო მისიებში — საქართველო მათში 1999 წლიდან მონაწილეობდა. ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების: ნატოსა და დასავლურ უსაფრთხოების სტრუქტურებთან დაახლოების ნაწილია. საქართველოს მონაწილეობა ასეთ მისიებში აღიქმება, როგორც მისი ერთგულების დემონსტრირება დასავლური ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისადმი.

„ქართული ოცნება“ ხშირად იყენებს კონსპირაციულ თეორიას „დიფ სთეითის” შესახებ.  deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებულ ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.