„კობახიძის დაანონსებული ცვლილებების მიზეზი უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარებაა“ - ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა

პუბლიკა

„მიზეზი, რისთვისაც კობახიძემ ეს ცვლილებები დააანონსა არის ამ სივრცეებში კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება“,- აცხადებენ, ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრი სტუდენტები და ორშაბათს განათლების სამინისტროსთან აქციას აანონსებენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ირაკლი კობახიძის განცხადებას განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების დაანონსებასთან დაკავშირებით. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ საგანმანათლებლო სივრცე მუდამ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, ვინაიდან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა ამხელდა მათ. ასეა დღესაც. ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” მხილებასა და წინააღმდეგობაში დიდი წვლილი სტუდენტებსა, თუ ლექტორ-მასწავლებლებს მიუძღვით.

შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ქართული ოცნების რეპრესიების მთავარ სამიზნეს დღეს სწორედ ეს სივრცე წარმოადგენს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი რეფორმები მიზნად არ ისახავს საქართველოშო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მიზეზი,რისთვისაც კობახიძემ ეს ცვლილებები დააანონსა არის ამ სივრცეებში კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება.

ასევე, ეს არის მუქარის გზავნილი იმ უნივერსიტეტებისთვის, რომელიც ღიად გამოთქვამს კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ. ეს ხედვა მხოლოდ და მხოლოდ ქართული უმაღლესი განათლევის ევროპული ადაკდემიური სივრცისგან იზოლირებასა და დამორჩილებას ემსახურება. ჩვენ, სტუდენტები, ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს სივრცე. ადგილი, რომელიც გვზრდის და გვაყალიბებს მოქალაქეებად, მისი ინტელექტუალური თუ იდეოლოგიური შინაარსით.

ადგილი, რომელიც ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია, ქვეყნისა და ჩვენი მომავლისთვის. სწორედ ამიტომ, ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე ვაანონსებთ აქციას განათლების სამინისტროსთან და მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტსა და პროფესორ მასწავლებელს, მათ შორის მათ, ვინც აქამდე არ ყოფილხართ ჩართული წინააღმდეგობაში, შემოგვიერთდით, რადგან დღეს “ქართული ოცნების” რეჟიმი ჩვენი განათლების და მომავლის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. გახსოვდეთ, რომ ჩვენი დუმილით ავტორიტარიზმის დამყარების და სამშობლოს მიტოვების თანამონაწილენი ვხდებით“,- აცხადებენ ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრები.

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა.