კობახიძის მტკიცებით, კეზერაშვილის გეგმაა ენმ-ის თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი გახდეს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას დაუპირისპირდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც თავისი ფავორიტი პოლიტიკოსების დაწინაურება უნდა. მათ შორის, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილი ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი გახდეს.

„მთლიანად არაჯანსაღია ის პროცესი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვითარდება. სინამდვილეში ვერ იყოფენ ერთმანეთში ფულს და ვერ იყოფენ შიდა ძალაუფლებას. აქ ბოლო დროს წინა პლანზე წამოვიდა კეზერაშვილი, კეზერაშვილის ფულზეა საუბარი.

ახლა, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი, არის სწორედ კეზერაშვილი, რომელიც ცდილობს ნაძარცვი ფულის დააბანდოს ქართულ პოლიტიკაში. მას ჰყავს თავისი ფავორიტები – მელია არ არის მისი ფავორიტი, მისი ფავორიტები არიან ხაბეიშვილი, მერაბიშვილი, ცისკარიშვილი და ა.შ.

გეგმა არის ასეთი. ამ გეგმის მომზადებაში ჩართული იყო თვითონ კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში და მელია არ აძლევდა ამის საშუალებას და ახლა ცდილობს, რომ მელიას გვერდის ავლით გააკეთოს ეს. ასეთი მარტივი დაპირისპირებებია შიგნით.

არის გეგმა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, ვინც ჰყავს დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ – ნიკანორ მელია. ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს. ეს არის ფული და ძალაუფლება.

ცისკარიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, იყო კეზერაშვილის ერთ-ერთი ქოლცენტრის დირექტორი უკრაინაში. წარმოიდგინეთ, ასეთი ღირებულებების მქონე ადამიანებზეა საუბარი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რა აქვთ გაკეთებული, მაგრამ თავის დროზე ქართველ ხალხს ძარცვავდნენ, მერე გააგრძელეს ევროპელების ძარცვვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც „რადიკალური დღის წესრიგი“ ჰქონდა თავად იქცა პოლარიზაციის ობიექტად, მის შიგნით დაწყებული დაპირისპირებით. რაც კობახიძის შეფასებით, კარგია, რადგან „სხვა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს“ მიეცემათ ქართულ პოლიტიკაში თავის დამკვიდრების საშუალება.

LB loan image desktop LB loan image mobile