კობახიძის მტკიცებით, „ქსენოფობიური“ კამპანიით ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ „ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია“ არის ამოქმედებული. მისი თქმით, ეს „კამპანია“ საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას ემსახურება.

„ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა“, – განაცხადა კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

კობახიძე საზოგადოებას შეახსენებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ნაწილობრივ 2010 წელს და სრულად 2012 წელს შემოიღეს.

„ყველას კარგად გვახსოვს ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები – ომის დაწყებისთანავე ანტისამთავრობო აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა და სხვ. ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და ნაციონალური მოძრაობის უცხოელი ლობისტების შესრულებით. საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ირწმუნება, რომ რადგანაც პირდაპირი ფორმით ქვეყნის ომში ჩათრევა ვერ მოხერხდა, ახლა ამას ირიბი გზით ცდილობენ.

„ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია – ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. ეს ყველაფერი კი, ემსახურება ერთადერთ მიზანს – საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორების სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს“, – განაცხადა „ოცნების“ თავმჯდომარემ.

LB loan image desktop LB loan image mobile