კობახიძის შეფასების შემდეგ სალომე ჯაშის ფილმის საჯარო ჩვენებები დაიგეგმა | სად ვნახავთ „მოთვინიერებას"

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასების შემდეგ კინოდოკუმენტალისტ სალომე ჯაშის ფილმის – „მოთვინიერების“ საჯარო ჩვენება რამდენიმე ადგილას დაიგეგმა.

თავდაპირველად, დღეისთვის ჩვენება ჩაინიშნა რესტორან „ეზოში“, დიდი მოთხოვნის გამო კი „ეზოს“ პარალელურად, ფილმს უჩვენებენ „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბშიც”. ჩვენების დრო 21:00 საათია.

ფილმ „მოთვინიერების“ ნახვა „KineDok Georgia“-სა და „ჩაიხანას“ დახმარებით  ონლაინსივრცეშიც შესაძლებელია. ფილმის სანახავად საჭიროა ვაუჩერის გამოყენება. ვაუჩერის მისაღებად კი ნებისმიერმა მსურველმა „KineDok Georgia“-ს facebook-გვერდზე უნდა მისწეროს.

ონლაინსივრცეში ფილმი 25 ივნისის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.

ფილმი „მოთვინიერება“ კინოცენტრის თანადაფინანსებით გადაიღეს და მისი პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. კინოცენტრის გარდა, ფილმი დაფინანსებულია შვეიცარული და გერმანული საზოგადოებრივი ფონდების, ევრიმაჟის, Arte-სა და სხვა ევროპული ინსტიტუციების მიერ.


„უბრალოდ, სამარცხვინო ფილმია… აბსურდულია“ – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“.

სამარცხვინო შინაარსის ფილმი უნდა დააფინანსოს მაინცდამაინც კინოცენტრმა? ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან. მე ასე ვხედავ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა – „…აქ საუბარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული და სწორი შინაარსის ფილმი იყოს გადაღებული“.

გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ კინოცენტრის გარშემო „ჭარბი აჟიოტაჟია“ შექმნილი და მას აქვს ეჭვი, რომ იქ კლანი იყო ჩამოყალიბებული.