ეს არ არის ფილმი უბრალოდ ივანიშვილზე... არაფერი ამ ფილმში ისეთი არ არის, რაც ადგილზე არ ჩანდა - სალომე ჯაში

პუბლიკა

კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში, რომლის ფილმი „მოთვინიერება“ 19 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა, მმართველი გუნდის თავმჯდომარეს პასუხობს. როგორც სალომე ჯაში ამბობს, ამ განცხადებამ კარგად აჩვენა, რომ ხელოვნება დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

„TV პირველთან“ ინტერვიუში მან გაიხსენა „მოთვინიერების“ გადაღებისთვის სამზადისი და ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია. მისი თქმით, ყველამ იცოდა წინასწარ, რაზე იქნებოდა ფილმი, მით უმეტეს, გუნდი მას 2 წლის განმავლობაში იღებდა.

„მეკითხებიან, რატომ არ არის ფილმში მეტი ივანიშვილი, მეტი პოლიტიკა… ჩემთვის არ იყო ეს ამოცანა. ივანიშვილი ცალკე არ იყო საინტერესო. ჩემთვის იყო საინტერესო პროცესი, რომელიც ამ ინიციატივამ გამოიწვია. ჩახლართული ამბავი იყო. ფილმი 10%-ს ასახავს ალბათ იმისას, რაც ხდებოდა იქ. ძალიან მიზანმიმართულად მინდოდა, ხე არ ყოფილიყო მხოლოდ ხე და ივანიშვილი არ ყოფილიყო უბრალოდ ივანიშვილი.

ეს არ არის ფილმი უბრალოდ ივანიშვილზე. მე ხანდახან მიკვირს, რა აღიზიანებთ ამ ფილმში, იმიტომ, რომ ჩვენ 2 წელი ვმუშაობდით იქ. ყველა ხედავდა, რას ვიღებდით და საბოლოოდ, როცა ნებართვა მივიღეთ, ვიცი, რომ თვითონ შალვა რამიშვილისგან იყო ნებართვა, რომ ფილმის გადაღება გაგვეგრძელებინა. ფილმში არ არის ჩემი კომენტარი, ინტერვიუები, მით უმეტეს, პოლიტიკური ინტერვიუები.

[ფილმის გადაღება] ზემოდან თანხმობას, რა თქმა უნდა, საჭიროებდა. ჩვენ პატარა სინოფსისიც დავწერეთ ივანიშვილისთვის, თუ რაზე ვიღებდით ფილმს და იქ ეწერა, რომ ეს იქნება პოეტური ფილმი ამ უნიკალურ პროცესზე, რაც არის კიდევაც ასე და ყველამ იცოდა, რომ ამ ფილმს ვიღებდით. არაფერი ამ ფილმში ისეთი არ არის, რაც ადგილზე არ ჩანდა“, – ამბობს რეჟისორი.

სალომე ჯაშის ვარაუდით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს ფილმი არ მოსწონთ ისაა, რომ ფილმი არ აჩვენებს, რომ ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი ხალხს აჩუქა.

„ერთ-ერთი, რატომაც არ მოსწონთ ეს ფილმი, არ მგონია, მისი შინაარსის გამო. უბრალოდ, მე მგონი, უფრო იმის გამო, რომ ეს ფილმი არ აჩვენებს, რომ ივანიშვილმა ეს პარკი აჩუქა ხალხს, როგორც თვითონ ამბობენ. რეალურად, რეესტრში რომ შეხვიდეთ, ბიძინა ივანიშვილმა ეს პარკი აჩუქა თავის შვილს. ეს პარკი ბერა ივანიშვილს ეკუთვნის ოფიციალურად. ხალხის რომც იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ფილმი ბევრად მეტ რამეზეა, ვიდრე პარკის მშენებლობაზე და იმაზე, თუ რა არის პარკი. ეს პროცესი ბევრად უფრო კომპლექსური იყო და საინტერესო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ფილმით პასუხები კი არ გაგვეცა ან გვეთქვა, რომ ეს ასეა და ის ისეა, არამედ კითხვები დაგვესვა. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ფილმი სივრცეს აძლევს მაყურებელს, თვითონ გამოიტანოს დასკვნა, თუ რაზეა ფილმი, რა შეკითხვებს სვამს და ეძიოს პასუხი“, – ამბობს რეჟისორი.

სალომე ჯაში ვარაუდობს, რომ სამომავლოდ თავისუფალ ხელოვნებას საფრთხე შეექმნება, თუმცა 21-ე საუკუნეში ცენზურა საბჭოთა მეთოდებით ვერ იმუშავებს, რადგან შესაძლებელია უკვე დასრულებული ფილმების ინტერნეტით გავრცელება.

„ამ განცხადებით გამიჩნდა შიში, რომ ეს არის რუსული პოლიტიკა, სამწუხაროდ. მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად პატარები ვართ, უფრო მოქნილები და რეაქტიულები და პასუხი უფრო კარგად შეგვიძლია… და ჩვენ არ ვართ კლანი. დღეს კობახიძემ თქვა, რომ იქ კლანია და სუბიექტური ინტერესები აქვთო… ერთი მხრივ, კარგი იყო, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, აქ ცხადად გამოჩნდა ცენზურა და გამოჩნდა, თუ როგორი ფილმები არ უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა და როგორი უნდა დააფინანსოს, სწორი ფილმები უნდა დააფინანსოს.

[…] რაც ახლა ხდება, ეს თუ ასე გაგრძელდა, ეს არის დასასრული დამოუკიდებელი კინოსი. არა მარტო კინოსი, არამედ თვითგამოხატვის. კინო არის როგორც ხელოვნების სფერო, ასევე მედია. ეს არის პირდაპირი დარტყმა, როგორც თავისუფალ ხელოვნებაზე, ასევე თავისუფალ მედიაზე. თან ამას ამბობს ვინ – პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ერთ-ერთი მთავარი პირი პოლიტიკაში. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ 12 პუნქტთან, რომლის შესრულებაც გვევალება“, – ამბობს ჯაში.

სალომე ჯაში საუბრობს კინემატოგრაფისტების პროტესტზეც და ამბობს, რომ შეიძლება, სამინისტროსთან და კინოცენტრის ახალ ხელმძღვანელობასთან მათ შეხვედრას აზრი არც ჰქონდეს, რადგან მათ გადაკვეთის წერტილი არ აქვთ. მისი თქმით, დღეს, 20 ივნისის აქციაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმსჯელებენ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროტესტი.

„კინოში ვინც ვმუშაობთ, ჩვენ არ ვართ დღეს მარტო. ჩვენ გვერდით არის მთელი კულტურის დარგები, ყველა ადამიანი სხვადასხვა დარგიდან და ვამბობთ, რომ თეა წულუკიანი არ არის კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი არ არის ჩვენი მინისტრი, მას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, რომ იყოს მინისტრი დღეს“, – ამბობს რეჟისორი.


„უბრალოდ, სამარცხვინო ფილმია… აბსურდულია“ – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“.

სამარცხვინო შინაარსის ფილმი უნდა დააფინანსოს მაინცდამაინც კინოცენტრმა? ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან. მე ასე ვხედავ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა – „…აქ საუბარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული და სწორი შინაარსის ფილმი იყოს გადაღებული“.

გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ კინოცენტრის გარშემო „ჭარბი აჟიოტაჟია“ შექმნილი და მას აქვს ეჭვი, რომ იქ კლანი იყო ჩამოყალიბებული.