მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ, არ ჩანიშნოს კანონის მეორე მოსმენა - აქციის მონაწილეთა განცხადება

პუბლიკა

რესპუბლიკის მოედანზე მწერალმა რატი ამაღლობელმა აქციაზე „კი ავროპას“ შეკრებილი მოქალაქეების განცხადება წაიკითხა.

აქციის მოანწილეები მთავრობას მოუწოდებენ ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული სხდომა კანონის მეორე მოსმენის გასამართად.

იმ შემთხვევაში თუ 29 აპრილს პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს „რუსული კანონის” მეორე მოსმენას პლენარულ სხდომაზე, აქციის მონაწილეთა შეფასებით, ეს იქნება კონსიტუციის საწინააღმდეგო თვითნებობა ხელისუფლების მხრიდან, რასაც წინ აღუდგებიან.

„ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდრით დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, შევქმნათ სოციალური და სამართლებირვი სახელმწიფო, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, რასაც „რუსული კანონის მიღება გამოიწვევს”;

– საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. პარლამნეტი ვალდებულია დაემორჩილოს უზენაეს კანონს – საქართველოს კონსტიტუციას;

– საქართველოს პარლამენტის მიერ „რუსული კანონის” მიღებას მივიჩნევთ, როგორც ხელისუფლების გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოდან; – საქართველოს მოქალაქები არ დავუშვებთ დემოკრატიის ჩანაცვლებას ანტიკონსტიტუციური, ავტორიტარული მმართველობით;

– ამიტომ, დღეს რესპუბლიკის მოედანიდან დავიძრებით მარშით სწორედ საქართველოს პარლამენტის მიმართულებით;

– მოქალაქეები შემოვარტყამთ წრეს საქართველოს პარლამენტს და შევკრავთ ჯაჭვს, როგორც სიმბოლოს საქართველოს მოქალაქეთა ერთობის;

– ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ილუზორული მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ხელისუფლებას იძულებით მოჰყავს ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთა დიდ ნაწილსაც არ სურს „რუსული კანონის” მიღება;

– ჩვენ ვიცით, რომ 29 აპრილს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მდგარი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენ მოთხოვნებს – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს”;

– ჩვენი მოთხოვნების სამიზნე არის ხელისუფლება და არა ხალხი, ამიტომ, ჩვენ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს, რათა მტრის გეგმას შევუწყოთ ხელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების არარსებული სურათი დაიხატოს;

– ჩვენ 29 აპრილს დილის 9 საათიდან გავაპროტესტებთ „რუსული კანონის” მეორე საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ დაპირისპირებაში შესვალს ჩვენ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან;

– კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული სხდომა კანონის მეორე მოსმენის გასამართად;

– ხვალ, 29 აპრილს თუ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს „რუსული კანონის” მეორე მოსმენას პლენარულ სხდომაზე, ეს იქნება კონსიტუციის საწინააღმდეგო თვითნებობა ხელისუფლების მხრიდან, რასაც წინ აღვუდგებით. საზოგადოებრივი ჯგუფები მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ხელი შევუშალოთ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას;

– ხელისუფლებამ იცოდეს, რომ პლენარულრ სხდომაზე მეორე მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩანიშნონ ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოვუწოდებთ მოქალაქეებს შეკრებისკენ რათა წინ აღვუდგებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და საგარეო კურსის ცვლილების თავსმოხვეულ ავანტიურას;

– ძალა ერთობაშია – გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, თავისუფალ საქართველოს! – კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“

აქციის მონაწილეები მარშით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან.