„რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი“ - კობახიძე კინოცენტრზე

პუბლიკა

„რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი, მე ასე მგონია, კინოცენტრის გარშემო. ეჭვი გამიჩნდა, რამე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული იქ თავის დროზე“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე შეკითხვის პასუხად.

მისი თქმით, ქართულ კინოს სჭირდება გაჯანსაღება და მეტი რესურსის, მათ შორის, ინტელექტუალური რესურსის ჩადება და სწორედ აქეთკენაა მიმართული მინისტრის ქმედებები. კობახიძე ამბობს, რომ ყველაფერი დისკუსიის ფორმატში უნდა გაირკვეს და არა პროტესტის ორგანიზებით.

„კინოს კონტროლს რაც შეეხება, ესეც წარსულს ჩავაბარეთ. 2012 წლამდე, გახსოვთ, რაც ხდებოდა. პირდაპირ ყველა კინოს იღებდნენ პოლიტიკური დაკვეთით. ეს აღარ ხდება დღეს. არ ვიცი, რა არის ამ პროტესტის მიზეზი, შეიძლება, იყოს სუბიექტური ინტერესი და ა.შ, მაგრამ როდესაც არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ქართული კინოს ინტერესებუს წინააღმდეგ და, უბრალოდ, რაღაც სახელებისა და გვარების გამო გამოთქვამ პროტესტს, ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ რამე სუბიექტური ინტერესები არსებობდეს. რამე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული? მე არ ვიცი“, – განაცხადა მან.


„ქართული კინო საფრთხეშია“ – ერთ კვირაზე მეტია, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ეროვნულ კინოცენტრთან იკრიბებიან, სოლიდარობას უცხადებენ ცენტრის თანამშრომლებს და უშედეგოდ ითხოვენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას.

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.