ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს იმ ფაქტს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა
ალექსანდრე კარტოზია, რომელიც გერმანიაში საქართველოს ელჩად „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის სექტემბერში დანიშნა, ჯერაც ელის აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას. ინფორმაცია თავდაპირველად სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, 1 ივნისს კი ეს რადიო თავისუფლებასაც დაუდასტურეს.
„გერმანული ხელისუფლების ეს ნაბიჯები არის არასერიოზული, ისეთივე არასერიოზული, როგორიც არის გერმანიის ელჩი საქართველოში და მისი ქმედებები. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. თან საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. ვებგვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, აღარაფერს ვამბობ ბევრ სხვა ქმედებაზე. ელჩისთვის შეხვედრის არჩანიშვნაც არის ამის მორიგი გამოხატულება”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
რადიო თავისუფლება წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, „საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია“, თუმცა, უწყებისვე ცნობით, „რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაჰბარდა“.
ასევე რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც მათთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა მიიღო 12 სახელმწიფოს ახლად დანიშნული ელჩებისგან რწმუნებათა სიგელები. ეს ქვეყნებია: ლიბანი, ბაჰრეინი, ეკვადორი, განა, კანადა, ნიგერია, ინდონეზია, კომორის კუნძულების კავშირი, ფილიპინები, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ახალი ზელანდია და მონღოლეთი.
ასევე, „ქართული ოცნება“ უკვე მრავალი თვეა, ამბობს, რომ „გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა“.
ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილია მითითებული.
სწორედ ამაზე გააკეთა დღეს აქცენტი თავის კომენტარში ირაკლი კობახიძემაც.
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელსაც საქართველოში უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში გასდის და ამის შემდეგ მალე საპენსიო ასაკსაც უახლოვდება, „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ „საიტს მალე ექნება ახალი დიზაინი“ და ეს ინფორმაცია „მალე იქნება“ ასახული.