კობახიძის თქმით, შუქრუთელების საკითხს შემდეგ ბრიფინგამდე „კიდევ ერთხელ ჩაეძიება“

პუბლიკა

„გპირდებით, შემდეგ ბრიფინგამდე კიდევ ერთხელ ჩავეძიები“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „პუბლიკის“ მიერ დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან შეხვედრას, რომლებიც 32 დღეა შიმშილობენ.

შუქრუთელები პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად დღეს ისევ მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. მათ 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს.

„ზოგადად იცით, რომ  მე არასდროს არ მოვრიდებივარ შეხვედრებს, მაგრამ რა ინფორმაციაც მქონდა, ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ინფორმაცია. ძირითადად სამი პირი იყო ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში, ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს ასეთი აქციები, რაც სამწუხარო მოვლენაა.

რა ინფორმაციაც მაქვს, მათ შორის, ერთ-ერთ პირს ჰქონდა 80 ათასი ლარი აღებული კომპენსაცია, მეორეს 50 ათასი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო აღებული, მოვიდა არჩევნები და… ეს არის ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს.

გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალური ინფორმაციით წარვდგები თქვენ წინაშე”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვითონ შეხვედრას წინ ხომ არაფერი უდგას, კობახიძემ განაცხადა:

„თუ პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის აქციის მონაწილეების მხარეს და პლუს არ არსებობს რესურსი, რომ მოგვარდეს ურთიერთობები კომპანიასა და ამ პირებს შორის, ამ შემთხვევაში საჭიროა შეხვედრა, მაგრამ თუ სხვა რესურსი არსებობს, ამ შემთხვევაში ჯობია, რომ კომპანია და შესაბამისი პირები მოგვარდნენ ერთმანეთთან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არასდროს ვერიდებოდი ადამიანებთან შეხვედრას და აქაც მზად ვარ, მაგრამ მთავარია, რომ წესები დავიცვათ. გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე მე ჩავეძიები, ვნახავ უფრო დეტალურად რა ხდება იქ. თუ სადმე ირღვევა სამართლიანობის პრინციპი, რა თქმა უნდა, წინ ვერაფერი ვერ უნდა დაუდგეს პრინციპის რეალიზებას”, – განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა შუქრუთელებთან დაკავშირებით კომენტარი 13 სექტემბერსაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით, კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“.

კობახიძე ამბობდა, რომ მოიძიეს ინფორმაცია პროტესტის ორგანიზატორებთან დაკავშირებით და „თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან“.


შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, რომელშიც საუბარია, რატომ და რის გამო დაიწყო შუქრუთელების პროტესტი და რამ მიიყვანა ისინი მის უკიდურეს ფორმამდე.

„გთხოვთ, უახლოეს დღეებში, ვიდრე, მათ შორის მოშიმშილეებს საუბარი და გადაადგილება ჯერ კიდევ შეგვიძლია, შეძლოთ და შეგვხვდეთ, რათა მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია და დოკუმენტურად დაგისაბუთოთ, რომ კომპანია გვანგრევს; ჩვენს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს და თავს არიდებს ზარალის სამართლიან შეფასებასა და შესაბამისი კომპენსაციების გაცემას“, – წერია განცხადებაში.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტმა თბილისში 11 სექტემბრიდან გადმოინაცვლა. ისინი ღამეებს პარლამენტის შენობასთან ათენებენ. რამდენიმე მათგანი უკვე 32 დღეა, შიმშილობს.

ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.

თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.