ამერიკულმა გამოცემა Indiewire-მა მსოფლიოს მასშტაბით 187 კინოკრიტიკოსისა და ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კრიტიკოსებმა სხვადასხვა ნომინაციაში 2021 წლის რჩეული ფილმები დაასახელეს.
რჩეული ფილმების ჩამონათვალში ორი ქართული სურათი ფილმი მოხვდა:
საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიის ათეულში ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყრებთ?“ მოხვდა და მე-8 ადგილი დაიკავა.
საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში მე-8 ადგილი დაიკავა დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისმაც“.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ისეთი გამოცემების წარმომადგენლები, როგორიცაა: IndieWire, Variety, Rolling Stone, Vanity Fair და Entertainment Weekly. ასევე, ფრილანსერი ავტორები, სხვადასხვა გაზეთის, ონლაინგამოცემის, რადიოსა თუ ტელევიზიის წარმომადგენლები – ევროპიდან, ლათინური ამერიკიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ავსტრალიიდან და ა.შ.
ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოც მოიპოვა. ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე კი საუკეთესო სცენარისთვის ალექსანდრე კობერიძეს „ვერცხლის ჰიუგო“ გადაეცა.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი კანდიდატი იყო, თუმცა კომისიამ ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ აირჩია. ალექსანდრე კობერიძის სურათი თბილისის წლევანდელ კინოფესტივალზეც უჩვენეს, სადაც ფილმი პრიზისა და განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე დარჩა.