კობიაშვილი ფეხბურთელებზე: ეს ბიჭები ამბობენ იმას, რასაც ჩვენ

პუბლიკა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ამტკიცებს, რომ ტყუილია, თითქოს ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც ევროკავშირის დროშის ფოტოები დადეს, ამ ფორმით „რუსულ კანონს“ აკრიტიკებენ.

კობიაშვილის თქმით, საქართველოს გზა ევროპაშია და ნაკრების ფეხბურთელები „ამბობენ ზუსტად იმას, რასაც „ოცნება“.

„მე რა უნდა ვუპასუხო? ბიჭებს ჩემი პასუხის გაცემა არ სჭირდებათ. ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ჩვენ. ჩვენი გზა არის ევროპაში, რა თქმა უნდა, და ეს დაადასტურეს ამ ბიჭებმაც თავისი ღირსებით, როდესაც ღირსეულად და დამსახურებულად გავიდნენ[ევროპის ჩემპიონატზე]…

ტყუილია, ტყუილია, იტყუებით… რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ [ განცხადებები]”, – თქვა კობიაშვილმა.

დღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა: გიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ დაწერეს, რომ „საქართველოს ადგილი ევროპაშია”.

რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის, ბუდუ ზივზივაძემ ფოტო გუშინდელი აქციიდან გამოაქვეყნა და დაწერა „არა რუსეთს”. რუსეთი დაგმო, ასევე, ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ.