კოლეგებთან ერთად ვეწვევი მე-18 დაწესებულებას და შევისწავლით სიტუაციას - ხუნდაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მზად არის, კოლეგებთან ერთად ეწვიოს გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოს და ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ  იმაში, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა და თუ საჭირო გახდება დამატებითი საჭიროებები, არც ამაზე იტყვიან უარს.

„ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილი არის/უნდა იყოს განსაკუთრებული პატიმარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას ჩვენი გუნდის თითოეული წევრი აანალიზებს, სწორედ ამიტომ მინდა, ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს. ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს“,- განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძემ ასევე მიმართა კოლეგა ექიმებს, ვისაც სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გული შესტკივათ:

„მას თქვენი კოლეგა ექიმები არაფერს დააკლებენ, თუმცა მინდა მათ შევახსენო სააკაშვილის დროს დასახიჩრებული ადამიანები, რომლებსაც ექიმები ვეღარ უმკურნალებენ. მაგალითად, ექიმები ვეღარ უმკურნალებენ გვირგვლიანს, სერგო თეთრაძეს, კობა დავითაშვილს, არჩილ ჩოხელს , ბუტა რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, 8 აგვისტოს დაღუპულ ბიჭებს. ჩვენ მას ვუმკურნალებთ და თუ საჭირო გახდება, თქვენც ჩაგრთავთ.

დაბოლოს, მივმართავ სააკაშვილის ყველა გულშემატკივარს, თქვენი ტკივილის მორჩენა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, ვისზეც წუხხართ, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, დღესვე შეწყვიტოს შიმშილობა, ამით შეასრულოს სტრასბურგის მოთხოვნა, ამით დასრულდება თქვენი წუხილი და თქვენი მხარდამჭერების გზააბნეული რამდენიმედღიანი ტანჯვაც. ასევე ამით დასრულედება საზოგადოების უსაფუძვლო დაძაბულობა და ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ რეჟიმში ცხოვრებას და წინსვლას, თუმცა ფაქტი ერთია, ის საქართველოში მალულად შემოვიდა არეულობისთვის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.